ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
თანამშრომლობა ისეთ სფეროებს შეეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემა, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები. მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზეცც ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ქართული მხარისთვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ინკლუზიურია და ყველა გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღება. ირაკლი კობახიძემ თორბიორნ იაგლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიშისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ სამდივნოს დელეგაციას არ ეძლევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება, რათა ადგილზე შეაფასოს არსებული მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშები საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშების მომზადება საქართველოს მიმართ ყურადღებისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებიც განიხილეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. სხვადასხვა თემაზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში.
შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასთან. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია გენერალურ მდივანთან და კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები