დიმიტრი ლორთქიფანიძე: გარდამავალი პოლიტიკური ტენდენციები საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში არ უნდა აისახებოდეს

“ირაკლი კობახიძეს მე უნდა გადავუხადო მადლობა, იმის გამო, რომ 7 კვალიფიციური სუბიექტი დაგვიშვეს ოთხივე სამუშაო ჯგუფში”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს. მან აქცენტი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე გააკეთა. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ დროებითი პოლიტიკური ტენდენციები კონსტიტუციაში არ უნდა გაჩნდეს.
„გარდამავალი პოლიტიკური ტენდენციები საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში არ უნდა აისახებოდეს, ეს გულისხმობს თავის დროზე დავით უსუფაშვილის ინციატივას, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თაობაზე. მე მიმაჩნია, რომ მსგავსი დროებითი პოლიტიკური ტენდენციების ადგილი კონსტიტუციაში არაა. ირაკლი კობახიძეს მე უნდა გადავუხადო მადლობა, იმის გამო, რომ 7 კვალიფიციური სუბიექტი დაგვიშვეს ოთხივე სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მანვე ისაუბრა პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე. მისი აზრით, პარლამენტი თბილისში უნდა ფუნქციონირებდეს. „პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება არის დამატებითი ხარჯი ბიუჯეტისთვის, თავის დროზე ეს სააკაშვილმა მიტინგების თავიდან აცილების მიზნით გააკეთა და ამან არანაირი სიკეთე არ მოუტანა ქუთაისს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძე პრეზიდენტის არჩევის თემასაც გამოეხმაურა. მისი აზრით, პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს საერთო-სახალხო წესით. „პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს თავისი დამოუკიდებლობის ამპლიტუდა და როდესაც სადღაც ვიღაცის უფლებები ირღვევა, ისაა ერთადერთი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი უფლებები“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები