EBRD-მა შესაძლოა საქართველოში 2017 წელს 300 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატს შეხვდა, სადაც ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
სუმა ჩაკრაბატის განცხადებით, საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობა პოზიტიურად ვითარდება.
“განვიხილეთ ქვეყნის სტრატეგია, რომელიც ჩვენმა დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა გასული წლის დეკემბერში და რომელიც სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ენერგორესურსების გონივრულად გამოყენებასთან. ასე რომ, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. გარდა ამისა, ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ 2016 წელს ბანკმა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევრო, განხორციელდა 17 პროექტი. ყველა პროექტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც გამოვყოფ, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ლაპარაკია კავკასიაში პირველი ქარის ელექტროსადგურის შექმნაზე გორში. ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა”,- განაცხადა სუმა ჩაკრაბატმა.
მისივე თქმით, 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. სუმა ჩაკრაბატი იმედოვნებს, რომ წელს საქართველოში 300 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ.
“ასე რომ, ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს, და ეს ურთიერთობა მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს. აქ ლაპარაკია ახალი სტრატეგიების მიღებაზე, ცვლილებების განხორციელებაზე, რის წყალობითაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის. საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი, ძალიან გამართულად მუშაობს, ასევე აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტო. ასევე აღსანიშნავია ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების გეგმა. ყველა ეს სფერო ძალიან წარმატებული და სასარგებლოა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობებისთვის”,- განაცხადა სუმა ჩაკრაბატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები