გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევხვდით სერვისის კომპანიებს, მწარმოებლებს და უკვე ბევრი მათგანი დაინტერესებულია საქართველოთი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შედეგებზე ისაუბრა და ორდღიან ვიზიტს წარმატებული უწოდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაიმართა შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და წამყვან ბიზნესკომპანიებთან. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული შედეგები სულ მალე იქნება.
“ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ გუშინ გამართულ ბიზნესლანჩზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გვქონდა შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურებთან, პრემიერ-მინისტრებთან, ინვესტორებთან. მათ წარმოვუდგინეთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. მოგეხსენებათ, დავოსში ხელშეკრულებების ხელმოწერა ძალიან იშვითად ხდება. აქ ხდება ინფორმაციის გაცვლა და შემდგომი ორიენტირის აღება მოქმედებისთვის. საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ გახდეს რეგიონალური წარმომადგენლობების ადგილი ბევრი კომპანიისთვის და ეს აღნიშნა კიდეც ყველამ, ვისაც შევხვდით. ჩვენ შევხვდით სერვისის კომპანიებს, მწარმოებლებს და უკვე ბევრი მათგანი დაინტერესებულია საქართველოთი. ვფიქრობთ, სულ მალე კონკრეტული შედეგები გვექნება,” – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები