შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში

საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში, – ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორულ ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს და აღინიშნა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მედიატორის როლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები