“მთავრობის გეგმა მოქალაქეებისთვის ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებაზეა ორიენტირებული”

მთავრობის ლარიზაციის გეგმას, მოქალაქეების ფინანსური რისკების შემცირებაზე ორიენტირებულს უწოდებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე.
„იმის გათვალისწინებით, რომ დოლარიზაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა, რაც მნიშვნელოვნად ამძიმებს მოქალაქეების ფინანსურ ტვირთს, ერთ-ერთი გამოხატულება ამ ფინანსური ტვირთისა არის ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას დოლარში აქვს სესხი. ეს ინოვაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მოქალაქეებზე ფინანსური დანაკარგების რისკი შემცირდეს. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის შემთხვევაში, დოლარში ნომინირებული იპოთეკური სესხები გადაიტანონ ლარში“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ. მისი თქმით, „ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ მთლიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება… ერთი მხრივ ამ მოქალაქეების მხრიდან დოლარზე მოთხოვნის შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ლარის სტაბილიზაციას“.
„ეს შეცვლის იმას, რომ მოქალაქეებისთვის ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები შესუსტდება და, აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სტაბილიზაციისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი“, – აღნიშნა კალანდაძემ. საქართველოში, მთავრობის ინიციატივით, ლარიზაციის ერთჯერადი გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება.
ლარიზაცია – ეს არის პროცესი, როდესაც ეროვნული ვალუტის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება და ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას მას ანიჭებენ. ლარიზაციის მნიშვნელობას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს. ფაქტია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნები, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალი იყო, უფრო მეტად დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები