გიორგი კვირიკაშვილი ღამის კლუბებზე – „ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა“

„ვარდების მოედნის“ ქვემოთ ბარებში ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან დამატებით განმარტა თუ რა გახდა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე მის მიერ გაჟღერებული განცხადება, სადაც მთავრობის მეთაური ბარებში ქართველი მამაკაცების არ შეშვების საკითხზე საუბრობდა.
ამასთანავე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ ბარებში არსებული ვითარება, სადაც ხდება ქართველ არასრულწლოვან გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა, ქვეყნისთვის პრობლემური საკითხია და სწორედ ამიტომ დაავალა შს მინისტრს არსებული ვითარებაზე დროული რეაგირება მოახდინოს.
„რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოსდა, მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ასე გაიგო. ჩემთვის სამწუხარო ხდება ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრუწლოვანი მოქალაქეების, არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველი მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შს სამინისტროს და ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს სოფო ჯაფარიძეს. ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს, ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. პრობლემა იმ კუთხით, რომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრუწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, უფრო მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი პრობლემატური, რომ ეს საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება ძალიან მალე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში კანონდარღვევები ხდება.
„ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები