მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების არსებობა კმაყოფილებით დააფიქსირეს.
განსაკუთრებული ყურადღება რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე და მათი რეალიზაციის პროცესში მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
მხარეებს შორის ხაზი მაღალი დონის ვიზიტების არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გააქტიურების აუცილებლობას გაესვა. ასევე, აღინიშნა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა.
მიხეილ ჯანელიძემ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო და თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის მიმართ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ანკარის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და ნატო-ს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ეფექტური განხორციელების მიმართულებით თურქეთის მიერ გაწეული კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები