პრემიერი კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მისი ინფორმაციით, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში კანონდარღვევები ხდება.
„ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა.
როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები.
ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

„თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგიდევს“, -განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები