იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი საქართველოს როლითა და შესაძლებლობებითაა დაინტერესებული
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს შეხვდა, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის ქვეყნების წინაშე მდგარი მიგრაციის პრობლემატიკა განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ ინტერესებს შეეხო, რომლებიც ევროკავშირს საქართველოსთან, კონკრეტულად, მიგრაციის საკითხებთან მიმართებით გააჩნია. ელჩის განცხადებით, მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და ევროკავშირი, ამ მიმართულებით საქართველოს როლითა და შესაძლებლობებითაა დაინტერესებული.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხს პარლამენტში ერთი კოორდინატორი ჰყავდეს. როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და მიგრაციული თემატიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების კონცენტრირება სწორედ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მოხდება.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმით და პრიორიტეტებითაც დაინტერესდა.
„საქმიანი ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან წლებია, საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზეც პარლამენტის კომიტეტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართება.