ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუვენ რივლინი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ადამიანთა დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. რუვენ რივლინმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარება, ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც. რუვენ რივლინის განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობა.
მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება. ორი კვირის წინ დაახლოებით ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც მონაწილეობდნენ პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რამდენიმე ვიცესპიკერი იყო ჩამოსული საქართველოში და ჩვენ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ. ამ მიმართულებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუვენ რივლინის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოსთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.
„ეს იყო ძალიან მაღალი დონის ვიზიტი და სიგნალი ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ისრაელთან გვაკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობისა და მეგობრობის ისტორია და ბუნებრივია, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, ურთიერთობების გაღრმავება არაერთ სტრატეგიულ სფეროში, ეფუძნება სწორედ ამ სტრატეგიას და ამ გამოცდილებას. რაც შეეხება, სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ გაცხადებული პრიორიტეტებისთვის, რაც აქვს საქართველოს მთავრობას დღეს, მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი სახელმწიფოს მხარდაჭერა, როგორიც არის ისრაელი – ეს არის ეკონომიკური ინიციატივები, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სოციალური სფეროები, ეს არის საქართველოს როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში და მისიებში, სადაც ჩვენ გვაქვს გადაკვეთის წერტილები და თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ისრაელთან”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები