საახალწლო კონცერტი თბილისში: ჯეი-ჯეი იოჰანსონთან, ერეკლე დეისაძესთან, ჯგუფ The Bearfox-თან და MokuMoku-სთან ერთად

„მუზამე“ და SPACEHALL 31 დეკემბერს ცოცხალ მუსიკას უმასპინძლებენ. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მსმენელის წინაშე Jay-Jay Johanson, The BearFox, Erekle Deisadze და MokuMoku წარდგებიან.
Jay-Jay Johanson: 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა უნიკალური საუნდი, რომლითაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი სპეციფიკური, მელანქოლიური ვოკალი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს მსმენელში. ამის გამო მას სევდისა და მარტოობის არტისტადაც მოიხსენიებენ.
იოჰანსონმა 10 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მისი ჰიტ-სინგლები: Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში. მუსიკოსის ბოლო ალბომი Opium-2015 წელს გამოვიდა.

The Bearfox: ქართული ალტერნატიული ინდი-როკ ჯგუფია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. 2014 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი Holding You, რომელიც Betkholab-ში ჩაიწერა. ჯგუფისთვის შთაგონების წყაროები მრავალფეროვანია: ცხოველები და ფრინველები, ადამიანური ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული, რაც მათი მუსიკის სენტიმენტალურობაზე, სიმსუბუქესა და ლირიკულობაზე აისახება.

Eko Deisadze: მუსიკოსი და პოეტი, რეჟისორი, სამოქალაქო აქტივისტი. მისი მუსიკა წარმოადგენს პოპის, სინთპოპის, ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის სინთეზს, რომელსაც ხშირად თან ახლავს ღრმა, ფილოსოფიური ტექსტები სოციალურად აქტუალურ საკითხებზე. Eko & Vinda Folio-ს ქართულენოვანი ალბომი 2016 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა. 31 დეკემბრის ღამეს დეისაძე სოლო პროგრამით წარდგება.

MokuMoku: 31 დეკემბერს, ჯეი-ჯეი იოჰანსონთან, ერეკლე დეისაძესთან და ჯგუფ The Bearfox-თან ერთად წარდგება ექსპერიმენტული პროექტი MokuMoku. 2014 წელს, ორწევრიანი დუო MokuMoku მოგვიანებით ბენდპროექტად გარდაიქმნა. ჯგუფი თავდაპირველად ექსპერიმენტულ ჰიპ-ჰოპ/ტრიპ-ჰოპს ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მათი მუსიკალური პალიტრა გაიშალა და ინდასტრიალისა და ფანქის ელემენტები დაემატა. MokuMoku ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტული ჯგუფია ქართულ სცენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები