ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს შეხვდა და ბერლინში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
კობახიძემ 19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და გერმანელ ხალხს საქართველოს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა.
თავის მხრივ, ელჩმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გააქტიურებაზეც იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჰაიკე ფაიჩი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.