გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან

“საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში”, – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში.
„მინდა, მოწვევისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უფროს მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათისაა. საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.
მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში.
მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას და ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის. თურქეთისა და საქართველოს მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.
საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ჩვენ გვაკავშირებს წარმატებული ურთიერთობა ერთობლივი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ამ კუთხით, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ ბინალი ილდირიმთან მაკავშირებს ოთხწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიციებიდან და ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დიდი პროგრესი ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის საქმეში. ეს პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მან უახლოეს მომავალში დაიწყოს ფუნქციონირება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანი განსახიერება გახლავთ იმ სამმხრივი თანამშრომლობისა, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის, რომელსაც ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საქართველოს გავლით“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები