თბილისის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრა ხორციელდება

თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ტყის მასივებში მასშტაბური სანიტარული ღონისძიებები ხორციელდება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები ამჟამად ბეთანიაში, ბეთანია-სამადლოს ცენტრალური გზის მიმდებარე ტყის მასივებში მიმდინარეობს. ფიჭვნარ კორომებში უკვე მონიშნულია 15 ათასი გამხმარი და დაავადებული ხე, რომელთა მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „უნივერსალ მენეჯმენტი“ უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე მოინიშნა, საიდანაც 40 ათასი უკვე მოიჭრა.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ბეთანიაში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„გრძელდება დაავადებული და გამხმარი ხეების ჭრა როგორც დედაქალაქში, ასევე მის შემოგარენში არსებულ ფიჭვთა კორომებში. მსგავსი სამუშაოები დასრულებულია რამდენიმე ლოკაციაზე – ხუდადოვის ტყეში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ტბის ფერდობზე. ამ ეტაპზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს წყნეთის, შინდისის, ოქროყანის, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში, ასევე, თბილისის ეროვნული პარკის გარშემო. სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება,“ – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და, შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას. 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი. 2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები