“2011-2012 წლიდან დაიწყო დავა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის”

თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის ყოფნის პირობებში წარმოიშვა დავა სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ბინების გადაცემის თაობაზე -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადა.
ადვოკატის და სამხედრო პირების განცხადებით, დღემდე, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ სრულდება ვალდებულებები, სამხედრო პირებზე კონტრაქტით გათვალისწინებული ფართების გადაცემის თაობაზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, 2011 წელს შესასრულებელი ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია.
„არაერთმა ადამიანმა მიმართა სასამართლოს. თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებზე გაჭიანურდა კონტრაქტით გათვალისწინებული ფართების გადაცემა.
როდესაც სამხედრო პირი დებს კონტრაქტს, მას ამ კონტრაქტით ეკუთვნის გარკვეული ფართი, თუმცა სამხედროებს სთავაზობენ ფართს თბილისის ნაცვლად თელავში, სადაც დევნილები ცხოვრობენ და თავისთავად, მათი გასახლება ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება.
თინა ხიდაშელის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 9 დეკემბერს ჩაინიშნა ბინების გადაცემის კენჭისყრა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტრო ბინებს გადასცემს სამხედრო პირებს თბილისის ნაცვლად, რაც იყო გათვალისწინებული, თელავში,“-განაცხადა ლექსო კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ადვოკატი და სამხედრო პირები ლევან იზორიასთან შეხვედრას ითხოვენ, მათ იმედი აქვთ, რომ იზორია თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის.
„მინისტრმა ლევან იზორიამ შესაძლოა არ იცის იმ პრობლემის შესახებ, რაც ფართების გადაცემასთან არის დაკავშირებული, თელავშიც კი ფართები გადაეცემათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც მოიგეს სასამართლო პროცესები, მათ გარდა ასეთი დაზარალებული სამხედრო ასობით არის.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლევან იზორია საკითხით დაინტერესდება, ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა. ეს არის მხოლოდ კეთილი ნების გადმოცემის სურვილი,“-განაცხადა ლექსო კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები