გიორგი აბდალაძე: ჩვენ წინააღმდეგ უკანონო ბრძანების გაცემა სააკაშვილის პრეროგატივა იყო

“ჩვენ წინააღმდეგ უკანონო ბრძანების გაცემა სააკაშვილის პრეროგატივა იყო, ის გასცემდა მსგავს ბრძანებებს“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა გიორგი აბდალაძემ განაცხადა.
როგორც აბდალაძე აღნიშნავს, არც მას და არც მასთან ერთად გასამართლებულ ფოტორეპორტიორებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და წინა ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო გაასამართლა, რომ ქვეყანაში არსებულ რეალობას აშუქებდნენ.
„არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის და არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით და ვაშუქებდით იმ რეალობას, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ამის გამო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმძიმესი ბრალდებით დაგვსაჯეს. დღეს იმედი მოგვეცა იმისა, რომ გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც უკანონო ბრძანება გასცა ჩვენ წინააღმდეგ. პირველ რიგში, ეს სააკაშვილის პრეროგატივა იყო. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ის ადამიანები გაცემდნენ მსგავს ბრძანებებს, რომლებიც იმ პერიოდში წყვეტდნენ ადამიანების ბედს, ვისთვის რა დაებრალებინათ და როგორ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები“,- განაცხადა აბდალაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს გრიფი “საიდუმლო” 9 უწყებიდან ედო. სწორედ ეს გახდა საქმის გახსნის გაჭიანურების მიზეზი.
აბდალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ განაჩენი მათ მმართველობის გამო გამოუტანა.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც არ სჯერა პროკურატურის გადაწყვეტილებების, მათ დროს რაც ხდებოდა, იმისთვის მოსახლეობამ განაჩენიც კი გამოუტანა მაგათ. ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური პარტია არ არის და არც იქნება არასდროს“,-აღნიშნა აბდალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები