ორი ახალი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განმარტებას აკეთებს

საკონსტიტუციო სასამართლო ორი ახალი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ერთი ავტომობილის ექსპლუატაციიდან ამოღება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ავტოპარკის 90% არის მოძველებული და საჭიროებს გადაუდებელ განახლებას.
სასამართლოში განმარტავენ, რომ შესაბამისად, არსებობდა ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება. ამიტომ, სასამართლოს თავმჯდომარემ მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან უარი თქვა ერთ-ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო 2 ავტომობილისთვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან და შეკეთება მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვდა. შესყიდვის შედეგად, 2004 წელს და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩაანაცვლეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც სასამართლოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მომავალშიც აქტიურად აპირებს გაატაროს ღონისძიებები საკონსტიტუციო სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად, რათა სასამართლოს ყველა წევრსა და თანამშრომელს შეუქმნას მუშაობის ღირსეული პირობები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომობილების ჩანაცვლებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას, შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები, მათ შორის იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ხოლო 10 დეკემბერს ზაზა თავაძის სიტყვით გამოსვლა ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები