ქეთევან ციხელაშვილი სახალხო დამცველს აფხაზური ენის შენარჩუნების საკითხით დაინტერესებისთვის მადლობას უხდის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს პასუხობს და აფხაზური ენის შენარჩუნებისა და სწავლების საკითხით დაინტერესებისთვის მადლობას უხდის.
როგორც ციხელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახელმწიფოსთვის ქვეყნის კონსტიტუციით ქართულთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებული აფხაზური ენის დაცვა და ამ მიზნით განსაკუთრებული ზომების მიღება მართლაც მნიშვნელოვანია.
”მინდა, ვაცნობო სახალხო დამცველს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის მშობლიური ენის სწავლების თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. მე პირადად გახლდით სექტემბერში აჭარაში ჩვენს აფხაზ მოსახლეობასთან ჩასული. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მოვისმინე მათი მოსაზრებები და წინადადებები. ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მოვახერხეთ მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება ორი საკვირაო სკოლა – ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში. ამ სკოლებისთვის უკვე იდენტიფიცირებულია აფხაზური ენის მასწავლებლები, აჭარის ხელისუფლების მიერ გამოყოფილია დაფინანსება. დღეს არსებულ ვითარებაში – აფხაზური ენის და იდენტობის დაცვა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ავთენტურია, ჩვენს პასუხისმგებლობად და ვალდებულებად მიგვაჩნია. ამიტომ, ამ მიმართულებით მომავალშიც ვგეგმავთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

მისივე თქმით, აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედებს პროგრამა ”1+4“, აფხაზური ენის სწავლება მიმდინარეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5 საჯარო სკოლაში მე-10 და მე-11 კლასებში არჩევით საგნად ისწავლება აფხაზური ენა, რიგი საჯარო უწყებების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციები და მასალები ითარგმნება აფხაზურ ენაზე, ხოლო მედიაში გადაიცემა ინფორმაცია აფხაზურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები