გიორგი კვირიკაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება

„გაგრძელდება პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსთან” შეხვედრისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება.
“სულ უფრო ინტენსიური ხდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩო დოკუმენტს. მთავრობის ამოცანა გახლავთ, სრულად და ეფექტიანად გამოიყენოს ქვეყნის ევროინტეგრაციით განპირობებული შესაძლებლობები. მათ შორის, ის შესაძლებლობები, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება და, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ბადებს ქვეყანაში, ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ამ მიმართულებით, აქტივობა უკვე საკმაოდ მაღალია”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რომელიც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს. “გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და შექმნის თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისათვის, როდესაც ისინი შეძლებენ შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას”,-განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და სტაბილური განვითარების წინაპირობა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამოცანებს, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აქტიურად უჭერს მხარს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაც, რომლის სხდომა 2016 წელს საქართველოში გაიმართა და რომლის შემდგომი სხდომა 2017 წელს საქართველოში გაიმართება. “ვარშავის სამიტზე მიღებულია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები საქართველოს თავდაცვის სფეროში ნატო-ს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა და ეს რეფორმა კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს სტანდარტებს ნატო-ს სტანდარტებთან, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ გარდა თავსებადობისა, ეს რეფორმა მიმართულია ჩვენი ქვეყნის შიდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც გააჩნია კიდევაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური დონიდან. კიდევ უფრო გავაღრმავებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-თან, განვამტკიცებთ ურთიერთობებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან, განვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ჩენს პარტრნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობა”,-განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე.
“გაღრმავდება თანამშრომლობა პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებთან სამშვიდობო ამოცანების მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ძალიან ინტენსიური მუშაობა აფხაზებთან და ოსებთან შერიგების მიმართულებით. ის უამრავი პროექტი და ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა გასული პერიოდის განმავლობაში, არათუ შენარჩუნდება, არამედ შემდგომში უფრო მნიშვნელოვნად გაფართოვდება სპექტრი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების. ეს გახლავთ ჩვენი სამოქმედო გეგმა. ჩვენი სამთავრობო გუნდი განწყობილია, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში. ამისთვის გვჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები