სერ ალან დუნკანი: საქართველო სამართლიანად არის აღიარებული ქვეყნად, სადაც ბიზნესის კეთება არის ყველაზე ადვილი

საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები განახორციელა და სამართლიანად არის აღიარებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის ყველაზე მარტივი – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მისვე თქმით, ქვეყანამ ასევე შთამბეჭდავად და ეფექტურად დაამარცხა კორუფცია.
„ეს კი ზრდის საქართველოს პოტენციალს, როგორც ჰაბისა ახალი ვაჭრობისთვის და როგორც სატრანზიტო დერეფნისა ევროპასა და აზიას შორის”, – განაცხადა სერ ალან დუნკანმა.
მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ძირითადი რეფორმების იმპლემენტაციაში.
„მე მინდა მოგილოცოთ თქვენი ბოლოდროინდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო არენაზე იყო აღიარებული როგორც დემოკრატიული და კონკურენტული, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩატარდა. ჩვენ ველით თანამშრომლობას საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, მოვუწოდებთ ქვეყანას განაგრძოს პროგრესისკენ სვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას ძირითადი რეფორმების იმპლემენტაციაში „good governance fund”-ის მეშვეობით”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მნიშვნელობას. მან ისაუბრა კომპანია BP-ის საქმიანობაზე საქართველოში და შეაფასა იგი როგორც დიდი ბრიტანეთის საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულება.
„მე ვეწვევი BP-ის გარდაბანის ობიექტს, რომელიც არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს და რეგიონს. ბრიტანული ინვესტიცია საქართველოში არის ძლიერი და მისი ბოლო პროექტის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოებისა და შაჰ დენიზის პროექტის სახით BP და მისი პარტნიორები რეგიონში 20 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც საქართველოში 3000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის”, – განაცხადა სერ ალან დუნკანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა და ქვეყანას წარმატება და წინსვლა უსურვა.
„2016 წელი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და მე მინდა საქართველოს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მომავლისათვის და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას. მე ასევე მინდა ვუსურვო ყველა ქართველს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა მომავალში. აქ უზარმაზარი პოტენციალი არსებობს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის”, – დასძინა მან.
სერ ალან დუნკანი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობს „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის” ფარგლებში. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ალან დუნკანი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები