„უკრაინის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკითხი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყვიტონ“

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის მოვლენებს ეხმიანება და უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, საკითხები არა რომელიმე ქვეყნის რჩევით ან კარნახით, არამედ ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვიტონ. როგორც პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომის დაწყების წინ უსუფაშვილმა განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში, სამწუხაროდ, მოხდა დაპირისპირების, ძალადობის ესკალაცია, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის უკრაინელი და ქართველი ხალხების ინტერესებში. “ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოხატული, არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვაზე, კონსტიტუციის ფარგლებში პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა. უსუფაშვილის განცხადებით, ყველა ხელისუფლება არჩეულია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მსგავსი გართულებები და სათანადო დარბაზებში, ოთახებში გადაწყდეს პოლიტიკური საკითხები, არ მივიდეს ვითარება იქამდე, რომ ხალხი თვეების განმავლობაში ყინვაში ქუჩაში იდგეს და საკუთარი უფლებების დაცვას იქიდან ითხოვდეს. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებში, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ გამოხატოს თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ. “მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს კოლეგებს, პოლიტიკოსებს უკრაინაში – ხელისუფლებას, ოპოზიციას, რომ როგორმე მოახერხონ საკითხების მშვიდობიანი გზით, საკითხების ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვეტა და არა რომელიმე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს კარნახით ან რჩევით. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მოგვარდეს ყველა საკითხი ყველა ქვეყანაში”, – მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა უკრაინაში მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებების დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. “დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი და რამდენიმე შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაღუპული დემონსტრაციის მონაწილეები. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც თავიანთი ქვეყნისა და სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ”, – დასძინა უსუფაშვილმა. არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში შეტაკებებისას 5 ადამიანია დაღუპული, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 დემონსტრანტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები