რა განაცხადა სასამართლო პროცესზე მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მშობლების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ივანე ქ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც „კვირას“ სასამართლოში განუცხადეს, სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა და მას სახაზინო ადვოკატი იცავს.
სხდომის მდივნის ინფორმაციით, ბრალდებულმა პროცესზე ვინაობა დაასახელა, ამის შემდეგ კი აღნიშნა, რომ იგი დათრგუნულია და მომხდარის შესახებ ნერვიულობს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, დილის საათებში, წალენჯიხის სოფელ ლიაში 35 წლის ივანე ქ.-მ მშობლებს ნაჯახით თავები მოჰკვეთა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილ 35 წლის ივანე ქ.-ს შიზოფრენია 20 წლის წინ დაუდგინდა. მას სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები ჰქონდა. ამის შესახებ „კვირას“ პაციენტის ოჯახის ექიმმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს შიზოფრენია 20 წლის ასაკში, თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაუდგინდა და სამედიცინო დაწესებულებაშიც მკურნალობდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.
ოჯახის ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო ერთი კვირაა, აგრესიული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები