პრეზიდენტი მმართველ ძალას ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და თამამი მოქმედებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს.
„დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუნველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს. მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს”, – მიმართა „ქართულ ოცნებას” საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება – უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი, ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის.
„ამიტომ მივმართავ მმართველ პარტიას – დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენ მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად – პირველყოვლისა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად.
თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლადმონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები