პრეზიდენტი: მზად ვარ, დავამკვიდრო მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემურ, სტრატეგიულ და მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა დამკვიდრდეს.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას და დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება ესაჭიროება.
„დღეს ამ პარლამენტში ხმათა უმრავლესობა, კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას. ამასთან ერთად, ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური გუნდის მიერ 6 წლის ვადით იქნას შერჩეული და დანიშნული მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე აღვნიშნავ, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.
შესაბამისად, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება ესაჭიროება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას, ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი. ამიტომ გთავაზობთ ყველამ ერთად თანხმობითა და თანამშრომლობით შექმნილი ვითარება ვაქციოთ პროგნოზირებად და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტაბილურობად. გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად, ამისთვის სრულად უნდა ავამუშავოთ ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსის და გაწონასწორების მექანიზმები. შევქმნათ დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის, ამის გათვალისწინებით მზად ვარ, დავამკვიდრო პრობლემურ, სტრატეგიულ და მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა. მზად ვარ წარმოგიდგინოთ ჩემეული ხედვა და შემოგთავაზოთ ის საკითხები, რაც ჩემი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები