გიორგი მარგველაშვილი: არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის დაცვის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში მეოთხე ხელისუფლება იყოს თავისუფალი, უნდა შეიქმნას მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიები.
„როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიულობაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის აუცილებლობა. არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე, არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვას და მხარდაჭერას. რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი, რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ კუთხით მივიჩნევ, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მედიის დაცვის მექანიზმები და შეიქმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები