გიორგი კვირიკაშვილი: გელა დუმბაძე დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც 4 წლის განმავლობაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განახორციელა.
„დღეს ჩატარდა დიასპორის ფორუმი. ტექნიკური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, დასწრება ვერ მოვახერხე. მინდა აღვნიშნო გელა დუმბაძის, ჩვენი მეგობრისა და კოლეგის წვლილი ამ მიმართულებით. მან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ასევე, მან დიდი წვლილი შეიტანა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებაში, იუსტიციის მინისტრთან ერთად. ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული. ასევე, აღსანიშნავია ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მე თვითონ მქონია ეს ბედნიერება, რომ ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოსგან ძალიან მოშორებით. მინდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იყო მინისტრის დიდი დამსახურება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გელა უბრუნდება დიპლომატიას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, განხორციელდება სტრუქტურული ცვლილება და დიასპორის მიმართულება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ეს იქნება უმთავრესი მიმართულება. იქედან გამომდინარე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ბუნებრივად ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ასევე მინდა აღვნიშნო ისეთი მიღწევები, როგორი იყო მაგალითად, თურქეთში ქართული ენის სწავლების დაშვება, რაც ნამდვილად იყო ამ სამინისტროს მუშაობის შედეგი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინსიტრმა გელა დუმბაძეს წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ გელა დუმბაძე იქნება დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები