პრეზიდენტი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნატო-საქართველოს სწავლება 2016”-ს დაესწრო, რომელიც კრწანისში, ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს.
პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, გლობალური სტაბილურობის მიზნებსაც ემსახურება.
„საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად.
ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ.
ქართველი ჯარისკაცები ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც თანამებრძოლებთან ერთად უზრუნველყოფენ გლობალურ უსაფრთხოებას.
მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები