დავით უსუფაშვილი: მე არ ვარ გოლების გამტანი პოლიტიკოსი, მე საგოლე პასი უკეთ გამომდის

“რამდენიმე თვეში ან მექნება სერიოზული და კონკრეტული გეგმა, თუ როდის, ვისთან ერთად და როგორ ვაპირებ, ან მოვალ და გეტყვით, რომ რამე სხვას ვაპირებ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა “2030“ – ის ეთერში განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, უფრო სახიფათო იქნება.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მისი თქმით, ცუდი არ არის, მაგრამ ამავე დროს, შეცდომების უფრო სწრაფად დაშვებაც შესაძლებელია.

„ჩემს კოლეგებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალიან ბევრ წევრს, ჩემი და სხვების კრიტიკა ყურს ცუდად ხვდება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მიდრეკილი ვართ იმისკენ, რომ კოლექტიური გადაწყვეტილება პარტიული გადმოსახედიდან მივიღოთ და ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე ობიექტური იქნება და განყენებულად ყოფნას შეძლებს, რადგან ჩვენ ყველანი სუბიექტურები ვართ. მე არ ვარ გოლების გამტანი პოლიტიკოსი, მე საგოლე პასი უკეთ გამომდის. გუნდის კაპიტანიც უკეთესი შემიძლია ვიყო. მომავლისთვის კი, მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი ვიქნები. რა ფორმით და როგორ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

დღეს ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, უფრო სახიფათო იქნება. საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ამავე დროს, შეცდომების უფრო სწრაფად დაშვებაც შესაძლებელია. ჩემს კოლეგებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალიან ბევრ წევრს, ჩემი და სხვების კრიტიკა ყურს ცუდად ხვდება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მიდრეკილი ვართ იმისკენ, რომ კოლექტიური გადაწყვეტილება პარტიული გადმოსახედიდან მივიღოთ და ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე ობიექტური იქნება და განყენებულად ყოფნას შეძლებს, რადგან ჩვენ ყველანი სუბიექტურები ვართ. რამდენიმე თვეში ან მექნება სერიოზული და კონკრეტული გეგმა, თუ როდის, ვისთან ერთად და როგორ ვაპირებ, ან მოვალ და გეტყვით, რომ რამე სხვას ვაპირებ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება საუბარი უსუფაშვილის პარტიის, ჩემზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნაზე. ეს არ იქნება უსუფაშვილის პარტია. თუ იქნება, ეს იქნება – ჩვენ!

სანამ სხვას რამეს მოუწოდებ, რომ ეს ან ისაა სწორი, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გაიცნო. ჩემი პოლიტიკური შესაძლებლობები კი ძალიან კარგად ვიცი – მე გოლების გამტანი პოლიტიკოსი არ ვარ და სხვა ტიპის თამაში უფრო გამომდის. შემიძლია, უკეთესი საგოლე პასი გავაკეთო ან გუნდის კაპიტანი ვიყო. რაც შეეხება პარტიის დატოვებას, მე პირადად, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, რომლის მსგავსი არ ვიცი, ცხოვრებაში მიმიღია თუ არა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეგადაწყვეტილებები ახლდა. ამ პროცესში ჩემი ინიციატივით არც ერთ „რესპუბლიკელს“ არ შევხმიანებივარ, თუმცა, ჩემთან დაკავშირება ვინც თავად გადაწყვიტა, საუბარი ყველასთან მქონდა. ზოგი აქტიურ პოლიტიკაში რჩება, ზოგი კი სხვა მიმართულებით წავა. ეს არ არის ერთიანი გუნდი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ჩვენგანი პოლიტიკურ საქმიანობაში ისევ ერთად აღმოვჩნდეთ.

საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება თუ არა, პოლიტიკურ სისტემაში ყველაფერი ინგრევა. გვახსოვს, როგორ მოხდა ხელისუფლების შეცვლა 1991-92 წელს და 2003 წელს. პირველი ცვლილება ზარბაზნებით იყო, მეორე კი რევოლუციად წოდებული მოქმედებებით. მესამე ცვლილება 2016 წელს იმით დასრულდა, რის წინააღმდეგაც 2012-ში მოძრაობა დაიწყო. ეს იყო ერთპარტიული მმართველობის დასრულების სურვილი. ვიარეთ წრეზე და ისევ ერთპარტიულ მმართველობასთან მივედით. ამიტომ, უნდა გავარკვიოთ, რა გვჭირს.

დიადი იდეების მქონე ადამიანების ნაკლებობას საქართველო არასდროს არ განიცდიდა და მე იმ ადამიანებთან ვისაუბრებ, რომლებსაც კონკრეტული გეგმები აქვთ. დღეს კონკრეტული გეგმების ნაკლებობაა და იმიტომ არის, რომ პაექრობა პროგრამების მიხედვით არ მიდის. დიდწილად, პოლიტიკური სპექტრი იმ ვითარებაში, რაშიც არის, იმიტომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ პარაზიტული პოლიტიკური ცხოვრებით ვიყავით დაკავებული. ეს ბევრმა რამემ განაპირობა. ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ჩარხი ჯერ კიდევ 1991-92 წლებში უკუღმა დატრიალდა და აქედან გამომდინარე, იმ კალაპოტში ვერ ჩავჯექით, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩასხდნენ.

მრავალპარტიულობა პოლიტიკური კონკურენციის აუცილებელი წინაპირობაა და პოლიტიკაში ისევეა საჭირო კონკურენცია, როგორც ბიზნესში და ნებისმიერ სფეროში, რადგან კონკურენცია უკეთესის მიღწევის მამოძრავებელი ძალაა. ზოგადად პოლიტიკაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კონკურენცია საჭირო აღარ არის და ჩვენთანაც, ბოლო თვეებში, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სწორედ აქეთ გადაუხვიეს. მათ მიაჩნიათ, რომ იციან, ქვეყანა როგორ ააშენონ. მართალია, არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღეს, რადგან მოსახლეობამ მათი პოზიცია გაიზიარა, მაგრამ იგივე მოსახლეობა 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას იზიარებდა და მიხეილ სააკაშვილს 95%-ით ირჩევდა. მეც იგივე მოსახლეობასთან ვაპირებ საუბარს. ხალხი არც დამნაშავეა და არც პასუხისმგებელი. მოქალაქეები იმ არჩევანს აკეთებენ, რასაც სთავაზობენ და იმას, რაც შეთავაზებული არ არის, ხალხი თავისით ვერ მოიფიქრებს. თუ ხალხს პოლიტიკური პროდუქტი არ შევთავაზეთ, რომელიც სწორად მიგვაჩნია, არჩევნებზე ეს თავისით ვერ გამოჩნდება.

მე უკვე სხვა ცხოვრებისთვის ვემზადები. მინდა, წლების განმავლობაში დაგროვილი ხედვები და მოსაზრებები, ცოდნა, უნარი და ენერგია ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შექმნა-გაძლიერებას მოვახმარო“, -განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ნაბიჯი უკან და ეს მოვლენა საქართველოსთვის უნიკალური არ არის.

„ეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოებშიც შეინიშნება. ჩვენ საქმე გვაქვს ლიბერალური დემოკრატიის დაპაუზებასთან, რაც მსოფლიოში ეპოქალური მოვლენაა და ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური დიალოგი საერთაშორისო ექსპერტებთანაც მექნება,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები