კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ (ვიდეო)

გურჯაანის რაიონში, ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს.
სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად  მოსავლის 70% დაუზიანდა. სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” აღნიშნულ ბენეფიციარს 21,546 ლარი აუნაზღაურა. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ – 3,283.20 ლარი.
2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მაშტაბით, „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 16,139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12,772 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7,737,083.87 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 14,640.86 ჰა. ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 125,774,643.03 ლარია.
ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად, 3,423.00 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა, პირველადი შეფასებით, 5,180,568.02 ლარს შეადგენს.  ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები