საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მიაჩესლავ გოცულს შეხვდა

„ნატო -საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. მიაჩესლავ გოცულმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიაჩესლავ გოცულის პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და მადლობა გადავუხადო საქართველოში მოწვევისთვის. შეხვედრაზე ბევრ საკითხს შევეხეთ, შევაფასეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, პოლონეთი წამყვანი ქვეყანაა ორ დარგში, სპეც-დანიშნულების ძალებში და სამხედრო პოლიციის დარგში და ჩვენი სურვილია ამ მიმართულებებით საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. თანამშრომლობის გაძლიერება დადებითად აისახება, როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე.
შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ორგანიზების საკითხები. ძალიან მოხიბლული ვარ იმით, რაც ვნახე და მოვისმინე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე და გენერალურ შტაბში გამართულ პრეზენტაციაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნებისმიერ სფეროში, ტექნიკური მოდერნიზაციის ჩათვლით, დავეხმარებით მათ ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში,“ -განაცხადა მიაჩესლავ გოცულიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები