ლევან იზორია: ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატო-ს ღირსეული პარტიორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლეს სარდლობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით უკვე მეორე, საერთაშორისო წვრთნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
ლევან იზორიას თქმით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული საერთაშორისო წვრთნა ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და საქართველო მჭიდროდ გააგრძელებს ACT („მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის”) თანამშრომლობას სხვადასხვა ტრენინგებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.
„საქართველოში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს ნატო-საქართველოს წვრთნები. ჩვენ ამ წვრთნების ფარგლებში ნატო-ს ადმირალს, ასევე, პოლონეთისა და ლიტვის გენშტაბის უფროსებს ვუმასპინძლეთ. თავად ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად პირველად ნატო-ს ისტორიაში ეს წვრთნები აისახა ნატო-ს რეგულარული წვრთნების ციკლში. პირველად მასპინძლობს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მეორე საერთაშორისო წვრთნა. მინდა ჩვენი კოლეგების პირველადი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატო-ს ღირსეული პარტნიორია და ბუნებრივია, მსგავს წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლის მოადგილემ, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დილით გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთმანეთს მომავალ წვრთნებთან დაკავშირებით შეხედულებები გაუზიარეს.
„მე აღვნიშნე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა წვრთნებსა თუ ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ 11 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენს გვერდით დგას“, – განაცხადა მანფრედ ნილსონმა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პირველი სწავლება Agile Spirit 2015 დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე. აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები