მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე თავმჯდომარეობდა, საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შესაბამისმა უწყებებმა სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების თაობაზე და უპასუხეს კითხვებს 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა ამა წლის 26 ივლისს საქართველოს მთავრობის N 341 დადგენილებით დამტკიცდა. წინა წლების გეგმისგან განსხვავებით, იგი სცდება ოჯახში ძალადობის საკითხებს და აგრეთვე ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის ისეთ სხვა ფორმებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ადრეული ქორწინება.
“ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის” ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ცალსახა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე, შედეგების სათანადო მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველსაყოფად.
სამოქმედო გეგმის განხორციელების ციკლი ჰარმონიზებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასთან, ხოლო კავშირები პოლიტიკურ დოკუმენტებს შორის გაძლიერებულია”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები