კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“-ს წარმომადგენლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს შეხვდნენ

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“-ს წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატ, მარიამ ჯაშს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
როგორც „კვირას“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ირინა ხანთაძემ და პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერმა, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის დირექტორმა რევაზ აფხაზავამ მარიამ ჯაშს გააცნეს საერთაშორისო მოძრაობის „გლობალური კამპანია განათლებისთვის“ ფარგლებში მოქმედი კოალიციის მიზნები, პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიმდინარე საქმიანობა ეროვნულ დონეზე და კოალიციის არსებობის მანძილზე რელევანტურ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგები.
მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან პოლიტიკის ფორმირების და რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.
ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ფართო კონსულტაციები საზოგადოების ყველა ჯგუფის მონაწილეობით წარმოადგენს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას, როგორც ეს მოცემულია გაეროს მიერ დამტკიცებული განათლება 2030-ის სამოქმედო ჩარჩოში, რათა მიღწეულ იქნას „ინკლუზიური და თანასწორი ხარისხიანი განათლება და სიცოცხლის მანძილზე სწავლების უზრუნველყოფა ყველასათვის“. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრაზე ითქვა, რომ სასურველია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას განათლების პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები