ვარშავის უნივერსიტეტში წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2016 წლის 6-8 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია უდიდესი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს ეძღვნება და ის პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას პატრონაჟით ტარდება.
კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა გამოფენა: „წერის ანბანური სისტემა და ქართული დამწერლობა“ და „ქართული ჰიმნოგრაფია“, რომელიც პოლონეთში საქართველოს საელჩოსა ვარშავის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. კონფერენციაზე ქართველი და გერმანელი მეცნიერები წმ. გრიგოლ ფერაძის პრემიით დაჯილდოვდებიან. გაიმართება ასევე ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“-ს 25 წლის იუბილე და შედგება საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია.
კონფერენციაში მონაწილეობას ქართველი, პოლონელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერები მიიღებენ.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ინიციატივით, 2002 წლიდან ტარდება და ის ხელს უწყობს ევროპაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები