გორში მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა – ბრალდებული დაკავებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან 40 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ მეზობელმა მიაყენა.
მომხდარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელიც ინფორმირებულია, თუმცა მოტივზე ვერ საუბრობს.
“დამირეკეს და მითხრეს, რომ მკვლელობა მოხდა. არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი. ვაპირებ სოფელში მივიდე და ვნახო გარდაცვლილის ოჯახი”, – განაცხადა „კვირასთან“ გამგებლის წარმომადგენელმა რეხაში კობა ქარელიშვილმა.
​​ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მეზობლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა 40 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან დააკავეს.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ა. ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რეხაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1973 წელს დაბადებულ ზ.ქ. და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
​მომხდარს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები