საგამოძიებო სამსახური სახალხო დამცველს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახალხო დამცველს ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება ცალმხრივია, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. „დღეს სახლახო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც მთავარ პროკურატურას მიმართა, მოხდეს ბრალდებულ შ.კ-ს მიმართ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ, უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება არის ცალმხრივი, სუბიექტური, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

2016 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორ თანამშრომელს თავს დაესხა სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთმა ცივი იარაღით უმძიმესი ჭრილობა მიაყენა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს. მას ჩაუტარდა თირკმლის ურთულესი ოპერაცია, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო საჭირო გახდა თირკმლის ამოკვეთა.

ამჟამად საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. სწორედ ამიტომ, საგამოძიებო სამსახური სახალხო დამცველს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ცალმხრივი, გადაუმოწმებელი და სრულიად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რასაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. გარდა ამისა, გამოძიების ობიექტურად წარმართვა პირველ რიგში სწორედ ჩვენი სამსახურის ინტერესებშია, რათა მომხდარ ფაქტზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“,-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები