ადვოკატი ადასტურებს, რომ დედის მკვლელობაში ბრალდებულს მშობელთან კონფლიქტი ჰქონდა

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ დედა-შვილს შორის კონფლიქტი მართლაც იყო, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ადგილი რიტუალურ მკვლელობას.
გაგა მეშველიანის თქმით, დედის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს.
„ირმა აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. გარკვეული სახის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი – ძირითადად ოჯახური უთანხმოება იყო. ამ საქმეს რაიმე რიტუალთან ან მსხვერპლშეწირვასთან თუ აქვს კავშირი, მე ამის თაობაზე ინფორმირებული არ ვარ“, – განაცხადა მეშველიანმა.
დღევანდელ პროცესზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 5 პირიდან სამს ბრალი მკვლელობაში, ხოლო ორს დანაშაულის შეუტყობინებლობაში აქვთ წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის დედა მისმა შვილმა მეგობრებთან ერთად მოკლა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8-ე საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები