პროკურორი: საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ

76 წლის ქალის მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით დადგენილი არ არის.
მისი თქმით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ.
„გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ბრალდებულებს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა აქვთ წარდგენილი, მათ შორის არის გარკვეული ორგანოს ან ორგანოების ნაწილის სხვადასხვაგვარად გამოყენების მიზნით მკვლელობა. რაც შეეხება სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით არ არის დადგენილი. საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ”, – განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 5 პირიდან სამს ბრალი მკვლელობაში, ხოლო ორს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვთ წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8-ე საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები