ჯიხაშკარის ინციდენტში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მანუჩარ გაბეჩავას, რომელიც ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაშია ბრალდებული, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ნატრული აკობიამ მტკიცებულებად მიიღო პროკურორ ირაკლი გულდედავას არგუმენტები, კერძოდ ის, რომ შესაძლოა ბრალდებულმა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას ან მიიმალოს ან ხელახალი დანაშაული ჩაიდინოს.
პროცესზე ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ან 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორია. ამის შესახებ დაკავებულმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირების დროს ის 79-ე უბანზე არ იმყოფებოდა.
„მე ფიზიკური აქტივობა არც შემეძლო რეალურად, რადგან ხერხემალზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და თავს ვუფრთხილდებოდი მაშინაც და ვუფრთხილდები ახლაც. პროკურატურის ყველანაირი ბრალდება არის სიცრუე. მე ვარ უდანაშაულო“, – განაცხადა პროცესზე გაბეჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები