თორნიკე მოლაშვილი: 14 წლის ბავშვი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ სულხან მოლაშვილის შვილი იყო

მაშინდელი ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი მე დამიკავშირდა და შემომთავაზა, წავკისში ან კოჯორში აგარაკი შემეძინა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადამეცა, რის სანაცვლოდაც, სულხანს გაათავისუფლებდნენ, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა გადაცემა „2030“-ის ეთერში განაცხადა.
თორნიკე მოლაშვილმა დეტალურად გაიხსენა ჩამორთმეული ქონების ირგვლივ ატეხილი სკანდალი. მისი თქმით, მაშინდელმა ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი აიძულებდა, სულხან მოლაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ აგარაკის დათმობაზე დაეყოლიებინა.
„საპყრობილეში შევიდა და სულხანი თავისივე მობილურით დამაკავშირა. მეუბნებოდა, რომ სულხანი დამერწმუნებინა. მითხრა, რომ როგორც კი აგარაკს შევიძენდით, სულხანს მეორე დღესვე სახლში გამოუშვებდნენ. სულხანი და მე წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ მისმა მეუღლემ, თათია ბახტურიძემ თქვა, რომ მისი შვილების მამა დასახიჩრებისგან უნდა ეხსნა და უნდა გაეთავისუფლებინა. კრედიტებით შევიძინეთ აგარაკი, რომელიც დღემდე არ ვიცით სად არის და ნახევარ საათში სახელმწიფოს საჩუქრად გადავეცით.
მათ პირობა არ შეასრულეს იმ მიზეზით, რომ ვითომ მაშინდელ სამარცხვინო პრეზიდენტს უცხოეთში ნაწამები სულხანის ფოტოები აჩვენეს, ის გაბრაზდა და სულხანი ამიტომ არ გაათავისუფლეს“, – განაცხადა მოლაშვილმა.

მისი თქმით, ვალერი გრიგალაშვილი არაადეკვატურია.
„გრიგალაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ თითქოს, ჩემი ძმა მე ვაწამე, სულხანის საქმე კი, სტრასბურგში დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით მოვიგეთ. ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ 30 წლის განმავლობაში გეგმავდა, სააკაშვილის რეჟიმმა სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობა და წამება აღიარა და რა შუაშია აქ დღევანდელი ხელისუფლება და თეა წულუკიანი“, – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების დევნასთან დაკავშირებითაც, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.
“ამისთვის ყველაფერს იგონებდნენ და აკეთებდნენ. 14 წლის ბავშვი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ის სულხან მოლაშვილის შვილი იყო. მადლობელი ვარ საპატრიარქოს, მთავრობისა და პროკურატურის. ამ მთავრობის იმედი მაქვს და მჯერა, რომ სამართლიანობა ყველასთვის აღდგება”, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები