დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, სოფო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცემა

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, სოფო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცემა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ორდენის გადაცემა ხდება იმ განსაკუთრებული სამსახურისთვის, რომელიც სოფო ქაცარავამ საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი, საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტის მიერ ორდენის გადაცემის ცერემონია დიდი ბრიტანეთის საელჩოში ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.

“ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც სოფომ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად, მისი დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11 წლიანი მოღვაწეობის დროს.
მის მიღწევებს შორისაა უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩივნინგის სტიპენდიების სქემა საქართველოში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წამყვანი პროგრამაა და ჩივნინგის კურსდამთავრებულთაგან შემდგარი ორგანიზაციის ქმედითად ჩამოყალიბება. ასევე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს სოფიკოს მიერ გაწეული სამუშაო დიდ ბრიტანეთში უილტონ პარკის კონფერენციებზე წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების თუ არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენელთა დასწრების შუამდგომლობა რაც დადებითად აისახება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე”, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
ჯილდოსთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასთინ მაქენზი სმიტმაც ისაუბრა.

“მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, მისი აღმატებულების სახელით, სოფიკოს გადავცე ეს ჯილდო. სწორედ სოფიკოსნაირი ადამიანები უდებენ საფუძველს ქვეყნებს შორის მეგობრობას. სოფიკო არის საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მიმართ შრომის, თავდადების და ერთგულების ჭეშმარიტი მაგალითი”, -აღნიშნა ჯასთინ მაქენზი სმიტმა.
სოფო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე 2005-2016 წლებში მუშაობდა. 2016 წლის ოქტომბერში, იგი გახდა საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”.
სოფო საქართველოს მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ჯილდო გადაეცემა.
ორდენი MBE გადაეცემათ საზოგადოების მიმართ განსაკუთრებული მიღწევებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები