ვარძიის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად თამარ მეფისა და გიორგი მესამის ფრესკებიც გაიჭვარტლა – რას აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად თამარ მეფისა და გიორგი მესამის ფრესკებიც გაიჭვარტლა. ინფორმაცია “კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ დაუდასტურა.
ანთიძე ადგილზე გაგზავნილი ჯგუფის მიერ მოწოდებულ პირველად შეფასებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მდგომარეობა სახარბიელო არ არის, თუმცა იმედოვნებს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტაძრის მხატვრობა იმ კონდიციას დაუბრუნდება, რა მდგომარეობაშიც ხანძრის გაჩენამდე იყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადგილზე ჩავლენ რესტავრატორები და დაადგენენ, რამდენად სქელია ჭვარტლის ფენა.
“ფრესკების გარკვეული ნაწილის გაჭვარტლა რომ შევიტყვეთ, პირველ რიგში გამოვიძახეთ სამართალდამცავი ორგანოები  მიზეზების დასადგენად.
უკვე გავაგზავნეთ ადგილზე სპეციალისტები, მათ დაადასტურეს, რომ მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ პირველადი შეფასებით, ძალიან ძნელია დაადგინო, რა დოზით არის ჭვარტლი მხატვრობაზე. ადგილზე უკვე გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო, დღესვე ჩადიან რესტავრატორები, რომლებიც ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან ერთად ჩვენთან მუშაობდნენ და ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ვარძიის მხატვრობას. ისინი გამოიკვლევენ, თუ რა შემადგენლობით არის ჭვარტლი კედლებზე, შემდეგ სპეციალისტებთან ერთად შევთანხმდებით, თუ რა მეთოდოლოგიით მოხდება გაწმენდა.
ამ ეტაპზე მიჭირს გადაჭრით იმის თქმა, თუ რა დონეზეა გაჭვარტლული მხატვრობა, ვიდრე სპეციალისტები არ დადებენ შესაბამის რეკომენდაციებს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმუმ პარასკევს დაიწყოს საკონსერვაციო სამუშაოები. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ ფრესკების მდგომარეობა იმ კონდიციას დაუბრუნდება, რა კონდიციამდეც ცეცხლის გაჩენამდე იყო“, – განუცხადა “კვირას“ ნიკოლოზ ანთიძემ.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სანთელი გახდა, რომელიც მაგიდაზე იყო დანთებული. ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები