საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის დახურული სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, პლენუმის დახურული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეები და სასამართლოს მდივანი უნდა აირჩიონ, რვავე მოსამართლე ესწრება.
მოსამართლეებს მედიასთან კომენტარი სხდომის დაწყებამდე არ გაუკეთებიათ.
გავრცელებული ინფორმაციით,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებად და ამავე დროს კოლეგიების თავმჯდომარეებად მოიაზრებიან მოსამართლეები მერაბ ტურავა და თეიმურაზ ტუღუში, ხოლო სასამართლოს მდივნის პოზიციას, სავარაუდოდ, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი დაიკავებს.
კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე წარადგენს, ხოლო წარდგენილ კანდიდატს დასამტკიცებლად ფარულ კენჭისყრაზე მინიმუმ ხუთი მოსამართლის მხარდაჭერა ესაჭიროება.
დღესვე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები დაკომპლექტდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი კოლეგიაა, რომელიც ოთხ-ოთხი მოსამართლით კომპლექტდება. ამჯერად, ერთ კოლეგიაში სამი მოსამართლე იქნება, სანამ საქართველოს პარლამენტი საკუთარ ქვოტას არ შეავსებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
საკონსტიტუციო სასამართლოში დახურული სხდომა 12.30 წუთზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები