ანა ნაცვლიშვილი: „საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა“
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემური იყო მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები (დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხმის მიცემის და ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები), ამომრჩევლის ნების განსხვავებული ფორმით გაკეთების (ბიულეტენის ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შევსების, ბიულეტენთან ერთად სარეგისტრაციო ბარათის კონვერტში მოთავსების ცალკეული ფაქტები), დამკვირვებელთა მიმართ მუქარისა და ხელის შეშლის/უფლებების შეზღუდვის, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემები. ასევე დაფიქსირდა სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები. დაფიქსირდა ფიზიკური შეურაცხყოფის 1 ფაქტი (გორში), მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი (ბათუმი).
„განსხვავებით პირველი ტურის კენჭისყრის დღისგან, არ დაფიქსირებულა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზები.
თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ კანდიდატების კოორდინატორები და აქტივისტები და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში – მათ მიერ დაფიქსირებულ ნებასაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი/კონტროლის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე. (მაგალითად, ზუგდიდში, 72-ე უბნის კენჭისყრის შენობაში ,,ქართული ოცნებისა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლების მიერ.)
პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ან უბნების დარბევის შემთხვევებს, ადგილი არ ჰქონია. მშვიდი და არაძალადობრივი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებული მოქმედებები. ასევე უნდა აღინიშნოს საარჩევნო სუბიექტების წვლილიც დაძაბულობისა და ძალადობრივი ინცინდენტების პრევენციის კუთხით.
დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი და არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის 70-მდე ფაქტი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.