”საერთაშორისო გამჭვირვალობა” არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს რეკომენდაციებით მიმართავს

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მეორე ტურისთვის არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს რეკომენდაციებით მიმართავს.
”მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტოთ არჩევნების წარმართვის წესები და პროცედურები, მათ შორის, დამატებითი წერილობითი ინსტრუქციების მიწოდების სახით.
მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ახლადარჩეული კომისიის წევრების კვალიფიკაციას. სამომავლოდ კი სასურველია, შემოღებულ იქნას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის რეზერვის ინსტიტუტი, რომელიც მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დასაზღვევად არის საჭირო.
მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუფერხებლად მიეცეს საშუალება, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი არ შეუშალონ საარჩევნო პროცესს.
მნიშვნელოვანია, პარტიების ლიდერების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩეს და შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.
აუცილებელია, წარიმართოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება გავრცელებული ფაქტების შესახებ და დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებული პირები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ფაქტები, ასეთი ქმედებები მათ მიმართ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნდობას ამცირებს.
მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული ფაქტების პრევენცია, დაძაბულობის შემთხვევაში კი, პოლიციამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა განმუხტოს დაძაბულობა. ასევე აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს, არჩევნების დღეს არ მოახდინონ დაძაბულობის პროვოცირება.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია იქონიონ ეთიკის ნორმების დაცვით”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები