გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში მაღალტექნოლოგიური სათბური ”პლანტა” დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში მაღალტექნოლოგიური სათბური ”პლანტა” დაათვალიერა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, საზოგადოებას საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი „პლანტას“ სასათბურე კომპლექსი წარუდგინა.
როგორც „კვირას“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან აცნობეს, 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
”გარდაბანში „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომლის იდეაზე მუშაობა ფონდმა 2014 წელს, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) ერთად დაიწყო. კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014 წლის 13 მაისს, თბილისში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ საფრანგეთი-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა წარმატებით წარიმართა. სასათბურე მეურნეობის გასავითარებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტი შეირჩა. ეს ადგილი საქართველოს მასშტაბით ინსოლაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ამ ტიპის მეურნეობების განვითარებისთვის ბუნებრივად ხელსაყრელ პირობას ქმნის.
პროექტის პირველი ფაზა რიშელ ჯგუფთან (Richel Group) თანამშრომლობით, 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რომლის ფარგლებში 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა.
2016 წელს პროექტის მეორე ფაზა განხორციელდა და „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. ფონდმა მეორე ფაზის ფარგლებში კიდევ ერთ პარტნიორთან, სასათბურე მეურნეობის დარგში ასევე წამყვან ევროპულ კომპანია „სერტონთან“ (Certhon) ითანამშრომლა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია $22.2 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.
გასულ სეზონებზე, „პლანტას” სათბურებში წარმოებულმა პროდუქციამ 2,000 ტ შეადგინა. სასათბურე მეურნეობის 12 ჰექტარამდე გაფართოების შემდეგ პროდუქციის მოცულობა გასამმაგდა. შედეგად, წარმოებული პროდუქციის წლიური მაჩვენებელი 6,000 ტონას გადააჭარბებს (3,693 ტონა კიტრი და 3,022 ტონა პომიდორი).
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე, საქართველოს მასშტაბით, „პლანტას“ სასათბურე მეურნეობაში 1 მ²-ზე მოსავლიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: გაზაფხულზე 48.7 კგ/მ², ხოლო შემოდგომაზე 15.2 კგ/მ².
სასათბურეში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით. მოსავლის აღება ხდება ყოველდღიურად. შესაბამისად, მომხმარებლებს მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ყოველდღიურად ახალი პროდუქტი.
ევროპული დანადგარებით აღჭურვილ, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული კულტურები ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. წელს „პლანტა“ მომხმარებლებს კიტრის კულტურებთან ერთად პომიდვრის კულტურებსაც შესთავაზებს. პომიდვრის პირველ მოსავალს კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში ელოდება.
დღეისთვის „პლანტას“ ბოსტნეული კულტურების შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი. პროდუქციის ნაწილი წარმოდგენილია საექსპორტო ბაზარზეც, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში. დღეს „პლანტა“ კიტრის ერთადერთი ექსპორტიორი კომპანიაა საქართველოში”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ამჟამად „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 146 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.
გრძელვადიან პერიოდში სასათბურე მეურნეობა შეიძლება 35 ჰა-მდე გაფართოვდეს, რაც ინვესტიციის $40 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაზრდას გულისხმობს.
„პლანტას“ სათბურის საინვესტიციო პროექტის განხორციელებით ფონდი ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის შემცირებას. ფონდის ხელმძღვანელების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები