სრულიად საქართველო სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

სრულიად საქართველო სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წირვას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე ფინანსთა, თავდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, კულტურის მინისტრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა პირები ესწრებიან.
წესრიგის დაცვის მიზნით ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ, მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში წმინდა მეფის მირიანისა და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით, სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმიდა ნინოს რჩევით, აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი, დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე, ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსაკიძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები