დავით უსუფაშვილი: გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ბაქრაძემ უნდა უზრუნველყონ ის, რომ პარლამენტი შედგეს

„გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ბაქრაძემ, ამ ორმა ადამიანმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ პარლამენტი შედგეს.“ – ამის შესახებ პარტია „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის აზრით, სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ბაქრაძემ უნდა გამოიჩინონ სახელწიფოებრივი მიდგომები, რადგან ქვეყანას სჭირდება ოპტიმალური გამოსავალი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურად რთული ვითარებაა.
მისივე თქმით, ოდესიდან მიშას გამოგზავნილ განცხადებებს გარკვეული ავანტიურისტული საფუძველი აქვს.
„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია ეს გზა აქვს არჩეული, რომ რაც უარესი იქნება მის გარეშე ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება მისთვის. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით ის შეეცადოს რამეს, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ბაქრაძემ, რა თქმა უნდა კვირიკაშვილის მეტი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ, ის დღეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და გამარჯვებული ძალის ლიდერია, ამ ორმა ადამიანმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ პარლამენტი შედგეს. დღეს არის ძალიან რთული ვითარება, ოდესიდან მიშას გამოგზავნილ განცხადებებს გარკვეული ავანტიურისტული საფუძველი აქვს; თუმცა არც „ქართული ოცნების“ რიტორიკა და გეგმაც იყო ჩემი აზრით, სწორი, როდესაც მტრის ხატზე აგებული საარჩევნო კამპანიით მივედით იქამდე, სადამდეც მივედით,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს მიაჩნია, რომ საქართველოს, შესაძლებელია, არჩევნების შემდეგ კიდევ უარესი პარლამენტი მიეღო. თუმცა, მიიღო საშუალოზე უარესი.
„ჩვენ პარლამენტი მივიღეთ საშუალოზე უარესი, ვიდრე შეიძლებოდა მიგვეღო, თუმცა ამაზე უარესიც შეიძლება. მაგრამ, ახლა, დროა ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე, და არა იმაზე, ორი მანდატით ვის მეტი ექნება და ვის ნაკლები. არიან ჭკვიანი ადამიანები ორივე მხარეს. გიორგი კვირიკაშვილს და ბაქრაძეს მე შემთხვევით არ ვახსენებ ხაზგასმით. სწორედ ახლაა გამოსაჩენი დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები, რადგან ქვეყანას სჭირდება ოპტიმალური გამოსავალი ამ საკმაოდ რთული ვითარებიდან.“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები