“გორის მეორე ტურის მაჟორიტარულ არჩევნებში ალასანიას ოქრუაშვილი ვერ ჩაანაცვლებს”

რამდენიმე საათის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, „თავისუფალი დემოკრატების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ალასანია, გორის მაჟორიტარულ არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ მაკრახიძესთან ერთად, მეორე ტურში გადავიდა( მაკრახიძე 32,15%, ალასანია 19, 02% 15 უბნის შედეგების მიხედვით).
„კვირა“ ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის იურისტს დაუკავშირდა. ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში მესამე ადგილზე გასული კანდიდატი ვერ ჩაანაცვლებს მეორეს.
“ჩვეულებრივად ჩატარდება კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, ვინც გადავიდა მეორე ტურში. ამ შემთხვევაში ალასანია – მაკრახიძეს შორის. ირაკლი ალასანია ჩვეულებრივად იქნება შეყვანილი ბიულეტენში, უბრალოდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ის ბიულეტენები, სადაც ალასანია იქნება შემოხაზული, ბათილად ჩაითვლება და დაითვლება მაკრახიძის ხმები.
ასეთ შემთხვევაში, მესამე ადგილზე გასული კანდიდატი ვერ ჩაანაცვლებს მეორეს, ანუ ოქრუაშვილი ვერ შეცვლის ალასანიას,“-განაცხადა „კვირასთან“ ლექსო მერებეშვილმა.
ცესკოში აცხადებენ, რომ ალასანიას წასვლის შემდეგ მეორე ტურის არჩევნები ჩვეულებრივად ჩატარდება და ალასანია ისევ იქნება ბიულეტენებში მონიშნული.
“ირაკლი ალასანია ისევ იქნება ბიულეტენში შეტანილი და ჩატარდება ჩვეულებრივი კენჭისყრა მეორე ტურით”, – აცხადებს „კვირასთან“ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე.
პარტია „რესპუბლიკური პარტიის წევრი“ ვახტანგ ხმალაძე განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მეორე ტურის კენჭისყრის დროს ალასანია ბიულეტენში აღარ იქნება.
“კენჭისყრა ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა ბიულეტებში აღარ იქნება ირაკლი ალასანია, იმ შემთხვევაში, თუ ერთი ადამიანიც კი მისცემს დარჩენილ კანდიდატს ხმას, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდება, თუმცა თუ ერთმა ადამიანმაც არ მისცა ხმა, მაშინ ორი თვის შემდეგ ახალი კანდიდატებით ახალი არჩევნები ჩატარდება”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირასთან’.
იურისტების და კონსტიტუციონალისტების ინფორმაციით, მეორე ტურის არჩევნებში მესამე ადგილზე გასული მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები